ციტრამონი წარმოადგენს კომპლექსურ პრეპარატს, რომელიც შედგება 0,24 გ აცეტილსალიცილის მჟავას, 0,03 გ კოფეინის, 0,18 გ ფენაცეტინის, 0,03 გ კაკაოს ფხვნილის, 0,02 გ ლიმონის მჟავასა და 0,1 გ შაქრისაგან. ციტრამონის სამკურნალო მოქმედება განისაზღვრება მასში შემავალი კომპონენტების ურთიერთქმედებით (აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას) და გამოიხატება ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ეფექტით.
პრეპარატი აბების სახით გამოდის, ორგანიზმში მოხვედრისას 90%-ით აითვისება და მიღებიდან ნახევარ საათში იწყებს მოქმედებას. ციტრამონში შემავალი ფენაცეტინი ბლოკავს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ტკივილის გამომწვევი ნივთიერებების გამოყოფას; აცეტილსალიცილის მჟავა ხსნის ქსოვილებში ტკივილის შეგრძნებას, რამდენადმე ამსუბუქებს ანთებით პროცესს და აქვეითებს სხეულის ტემპერატურას; კოფეინი აუმჯობესებს სისხლძარღვთა გამავლობას, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევასა და თავის ტვინის მუშაობას, უზრუნველყოფს ორგანიზმის ზოგად მხნეობას. ციტრამონით შეიძლება სხვადასხვა წარმოშობის სუსტი და საშუალო სიძლიერის ტკივილების დაამება. პრეპარატი, ტრადიციისამებრ, თავის ტკივილის დროს გამოიყენება. თუმცა ეფექტურია კუნთების, სახსრების, კბილის არცთუ ძლიერი ტკივილის დროსაც. მისი გამოყენება შეიძლება აგრეთვე გაციებისა და ინფექციურ-ანთებითი ხასიათის დაავადებათა სამკურნალოდ. ტკივილის მოსახსნელად ციტრამონის მიღება ერთჯერადადაც შეიძლება, ჩვეულებრივ კი ინიშნება დღეში ორ-სამჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, 1-2 აბი დიდი ოდენობით წყლის მიყოლებით (დღეში 4 აბზე მეტის მიღება არ შეიძლება). ციტრამონი, ჩვეულებრივ, კარგად გადაიტანება, თუმცა მისი კომპონენტებისადმი მომატებულმა მგრძნობელობამ შესაძლოა სხვადასხვა სახის ალერგიული რეაქციის (ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება) პროვოცირება მოახდინოს. გარდა ამისა, პრეპარატის ზედოზირებისას თავს იჩენს უმადობა, ტკივილი ფერდქვეშა არეში, ყურების შუილი. გარდა პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობისა, ციტრამონის გამოყენებას უკუჩვენება პრაქტიკულად არ გააჩნია, თუმცა ზოგიერთი მონაცემით, მედიკამენტის მიღება (კურსობრივი და არა ერთჯერადი) არ არის რეკომენდებული ბრონქული ასთმით, სისხლის დაავადებებით, წყლულოვანი პათოლოგიით, ღვიძლისა და თირკმლის მძიმე სნეულებებით დაავადებულთათვის. ზოგიერთი ავტორის მითითებით, ციტრამონის მიღება არ შეიძლება ორსულთათვის, რადგან მასში შემავალმა აცეტილსალიცილის მჟავამ შესაძლოა ცუდი გავლენა მოახდინოს ნაყოფის განვითარებაზე. ორსულობის დასასრულს კი ციტრამონის მიღება შესაძლოა ნეგატიურად აისახოს სამშობიარო მოქმედებაზე, სისხლის შედედების სისტემაზე. მეძუძური დედისთვის ციტრამონის ერთჯერადი მიღება ნებადართულია, კურსობრივმა გამოყენებამ კი შესაძლოა ავნოს ჩვილს. ციტრამონით მკურნალობა ეკრძალებათ პოდაგრით დაავადებულებსაც, ვინაიდან პრეპარატი აფერხებს ორგანიზმიდან შარდის მჟავას გამოყოფას და ამით ხელს უწყობს პოდაგრის შეტევის პროვოცირებას. რაც შეეხება თავის ტკივილს, პირობითად მის ორ ტიპს გამოყოფენ - პირველადსა და მეორეულს (სიმპტომურს). პირველადი თავის ტკივილია: შაკიკი - პათოლოგია, რომელსაც საფუძვლად უდევს თავის ტვინის სისხლძარღვთა ტონუსის მედიატორული რეგულაციის დარღვევა; ხშირად მემკვიდრეობითი ხასიათისაა; წნულისმიერი თავის ტკივილი, რომელიც განპირობებულია განვითარების ალერგოდისტონიური მექანიზმებით, აქვს პერიოდული, პაროქსიზმული ხასიათი, აღმოცენდება უეცრად, კარგად ყოფნის ფონზე, უმეტესად ღამით, გრძელდება რამდენიმე წუთს, საათს ან კვირას.
მეორეული თავის ტკივილი რამდენიმე სახისაა: ინტრაკრანიული (საფუძვლად უდევს თავის ტვინში მიმდინარე სიმსივნური ან სხვა სახის პათოლოგიური პროცესები); ექსტრაკრანიული (თავს იჩენს თავის ტვინის მახლობლად განთავსებულ ქსოვილთა პათოლოგიური პროცესების, მაგალითად, სინუსიტის, გლაუკომის დროს და სხვა); ზოგადსომატური (ენდოგენური ინტოქსიკაციის, არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე).
პირველადი თავის ტკივილის დიაგნოსტიკა თანამედროვე მედიცინის აქტუალური პრობლემა გახლავთ. წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ: სისხლძარღვოვანი გენეზის პირველად თავის ტკივილს; ტკივილს, რომელიც განპირობებულია თავის ტვინისა და ტვინის მფარავი გარსების ანთებით; ტკივილს, რომელიც დაკავშირებულია ქალა-ტვინის ნერვებისა და ნერვული განგლიების ორგანულ დაზიანებასთან; ტკივილს, რომელიც განპირობებულია თავისა და კისრის ხანგრძლივი დაძაბულობით. თავის ტკივილის მიზეზის (ეტიოლოგიის) დასაზუსტებლად მიმართავენ დიფერენციულ დიაგნოსტიკას, ითვალისწინებენ ანამნეზს (როდის აღმოცენდება ტკივილი, სად ლოკალიზდება, რა ინტენსივობისა და ხანგრძლივობისაა), გარე ფაქტორებისადმი (მედიკამენტების მიღება, მეტეოროლოგიური ფაქტორები, ფსიქოემოციური დატვირთვა და სხვა) დამოკიდებულებას, წნევის გაზომვასა და კონტროლს, ბიოქიმიურ და იმუნოლოგიურ გამოკვლევებს, საჭიროების შემთხვევაში - ელექტროენცეფალოგრაფიულ და თავის ქალას რენტგენოლოგიურ გამოკვლევას. მხოლოდ კომპლექსური მიდგომითა და მიღებული მონაცემების დეტალური ანალიზით არის შესაძლებელი ზუსტი დიაგნოზის დასმა და თავის ტკივილის უშუალო გამომწვევი მიზეზის დადგენა.
P.S. როგორც ხედავთ, არცთუ ისე მარტივი საქმეა, ამიტომ გირჩევთ, მიბრძანდეთ ნევროპათოლოგთან, გაიაროთ კონსულტაცია თერაპევტთანაც, რომელიც ცალკეული დეტალების გაანალიზებით შეაფასებს თქვენს მდგომარეობას. რედაქციაში გამოგზავნილი წერილიდან ვერ ირკვევა, რამდენი ხანია იღებთ ციტრამონს და რა დოზით, თუმცა, პრეპარატის მოქმედების სპეციფიკიდან და განმარტებული უკუჩვენებებიდან გამომდინარე, დასკვნას ალბათ თავად გამოიტანთ - პრეპარატი ნაკლები დოზითა და სიხშირით უნდა გამოიყენოთ. საუკეთესო გამოსავალი კი მაინც ექიმთან კონსულტაცია და სათანადო მკურნალობის ჩატარებაა.
|