აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ნევროლოგებმა დაადგინეს, რომ წითელი ღვინო ტვინს ინსულტის ნეგატიური შედეგებისგან იცავს. მეცნიერები ლაბორატორიულ თაგვებს ჭამიდან 2 საათის შემდეგ რესვერატროლის მცირე დოზას აძლევდნენ (რესვერატროლი ნივთიერებაა, რომელსაც წითელი ყურძნის კანი და კურკა შეიცავს), შემდეგ კი მათში იშემიურ ინსულტს იწვევდნენ. შეგახსენებთ: ამ დროს ტვინში სისხლის მიწოდება წყდება. მღრღნელებს, რომლებსაც რესვერატროლი ჰქონდათ მიღებული, თავის ტვინი უფრო ნაკლებად დაუზიანდათ. ფარმაკოლოგების თქმით, რესვერატროლი ზრდის იმ ფერმენტის დონეს, რომელსაც უნარი შესწევს, ტვინის ნერვული უჯრედები დაზიანებისგან დაიცვას.
თაგვებს, რომელთაც ამ ფერმენტის უკმარისობა ჰქონდათ, რესვერატროლი ვერ შველოდა - მათი ტვინის უჯრედები ინსულტის შედეგად იღუპებოდა. უკანასკნელ წლებში წითელმა ღვინომ სამედიცინო საზოგადოების ყურადღება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით მიიპყრო. მისი ზომიერი მიღება, გარდა ინსულტისა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ალბათობასაც ამცირებს. ამას ფრანგულ პარადოქსს უწოდებენ. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ფრანგებს, მიუხედავად იმისა, რომ ნოყიერი საკვები უყვართ, მაინც სხვა ხალხებთან შედარებით იშვიათად ემართებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. მეცნიერთა აზრით, ფრანგები ამას სწორედ წითელი ღვინის სიყვარულს უნდა უმადლოდნენ. მიუხედავად ამისა, კარდიოლოგები გვირჩევენ, თავი შევიკავოთ რესვერატროლის დანამატების გამოყენებისგან, თუმცა იქვე შეგვახსენებენ, რომ სპირტიანი სასმელების მოხმარებას სარგებლობასთან ერთად ორგანიზმისთვის ზიანის მიყენებაც შეუძლია. ასევე, არ არის გარკვეული, წითელი ღვინის რა დოზაა საჭირო, რომ სასურველი შედეგი გვერდითი ეფექტების გარეშე მივიღოთ.
|