წყალი და მინერალური მარილები - 16 სექტემბერში 2010 - pharmanews
NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
500
სტატისტიკა
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 16 » წყალი და მინერალური მარილები
9:43 PM
წყალი და მინერალური მარილები

 


 

   არაორგანულ ნივთიერებებს შორის ორგანიზმში წყალს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის ცოცხალი ორგანიზმის მთავარი კომპონენტია. მაგალითად, მედუზას სხეულის 99,9% წყალია, ძუძუმწოვართა უმრავლესობის სხეულის 50-80%-საც წყალი წარმოადგენს, მოზრდილი ადამიანის სხეულში კი მას 65% უკავია

წყლის გადანაწილება ორგანიზმში
ადამიანის ორგანიზმის თითოეული უჯრედი საკვები ნივთიერებებისა და ქიმიური ნაერთების უამრავი სახის წყალხსნარს შეიცავს. სხვადასხვა სისტემასა თუ ცალკეულ ორგანოში წყლის მოცულობითი წილი სხვადასხვაგვარია. მაგალითად, სისხლის 92%-ს, თირკმელების 82%-ს, ტვინის რუხი ნივთიერების 85%-ს, ღვიძლის 69%-ს, კუნთების 75%-ს და ცხიმოვანი ქსოვილის 25%-ს წყალი შეადგენს, ყველაზე ნაკლებია ეს ნივთიერება ძვლებში - მათში წყლის მოცულობითი წილი 20%-ია. მთლიანობაში სხეულის 60-65% წყალია, თუმცა ეს მაჩვენებელი მხოლოდ მოწიფული ასაკისთვის არის მართებული. ახალშობილის სხეულში წყლის შემცველობა გაცილებით მაღალია - 86%-ს უდრის (ემბრიონის 97% წყალია!), ხანში შესული ადამიანისაში კი, პირიქით, 50%-მდე იკლებს. ორგანიზმში არსებული წყლის 70% უჯრედის შიგნით - უჯრედულ პროტოპლაზმაშია მოქცეული. ეს მაღალი ბიოლოგიური აქტივობის მქონე სითხეა, რომელიც ძირითადად გარემოს აგრესიული ფაქტორების მიმართ ორგანიზმის გამძლეობას განაპირობებს. დანარჩენი 30% კი არაუჯრედულ არეებშია მოთავსებული, აქედან 20% - უჯრედშორის სითხეში, 8% - სისხლის პლაზმაში, 2% კი ლიმფაში. წყალი შედის ორგანულ ნივთიერებათა შემადგენლობაშიც. მაგალითად, დაჟანგვისას 100 გრამი ცილა 41 სმ3 წყალს გამოყოფს, ცხიმი - 107 სმ3-ს, ხოლო ნახშირწყალი - 55 სმ3-ს.


წყლის ფუნქციები
ყველა ცოცხალი ორგანიზმის ცხოვრებაში წყლის პირველხარისხოვან როლს ის ფაქტორი განაპირობებს, რომ იგი უამრავი ქიმიური ნაერთის უნივერსალური გამხსნელია და, ფაქტობრივად, ის გარემოა, რომელშიც ცხოველქმედების მთელი პროცესი მიმდინარეობს. გარდა ამისა, იგი:
არეგულირებს სხეულის ტემპერატურას;
ატენიანებს ჰაერს;
უზრუნველყოფს ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ყველა უჯრედამდე მიტანას;
ეხმარება ორგანიზმს საკვებისგან ენერგიის წარმოქმნაში;
ეხმარება საჭმლის მომნელებელ ორგანოებს საკვები ნივთიერებების ათვისებაში;
ფორმას უნარჩუნებს და იცავს ორგანოებს;
გამოდევნის ორგანიზმიდან წიდასა და ცხოველქმედების შედეგად წარმოქმნილ უვარგის ნივთიერებებს.

ამრიგად, ორგანიზმში წყალი 4 ძირითად ფუნქციას ასრულებს: იგი უნივერსალური ამავსებელი (ორგანოთა სტრუქტურული კომპონენტი), გამხსნელი, თერმორეგულატორი და დამტარებელია.


წყალი - ამავსებელი
ორგანიზმში წყალი თავისუფალი სახით კი არ არსებობს, არამედ საკმაოდ მაღალორგანიზებულ მდგომარეობაში იმყოფება - მისი უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია აქტიურ ბიოლოგიურ მოლეკულებთან, რითაც ზოგიერთ ორგანოს არა მარტო ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება, არამედ მათ ნორმალურ ფუნქციობასაც უზრუნველყოფს.


წყალი - გამხსნელი
მასში უამრავი ქიმიური ნაერთია გახსნილი, მათ შორის - ყველა საკვები ნივთიერება და ცხოველქმედების შედეგად დაგროვილი მავნე ნაერთები. ეს ნაერთები წყალს თირკმელებამდე და კანამდე მიაქვს, საიდანაც ისინი საბოლოოდ ტოვებენ ორგანიზმს. წყალი ფიზიკურ-ქიმიური არეა, სადაც ნივთიერებათა ცვლის ის ეტაპები მიმდინარეობს, რომლებიც ცოცხალი ქსოვილების დაშლა-აღდგენით პროცესებს ემსახურება. წყალი ნივთიერებათა ცვლის რეაქციათა ძირითადი კომპონენტია.


წყალი - თერმორეგულატორი
აწესრიგებს სხეულის ტემპერატურას და გარემოს ცვლად პირობებში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ორგანიზმის ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნებაში.


წყალი - ტრანსპორტიორი
წყალს უნარი შესწევს, ორგანიზმის ისეთ არეებშიც კი შეაღწიოს, სადაც სხვა ბიოლოგიური სითხეები ვერ აღწევს. სწორედ ეს თვისება განაპირობებს მის ტრანსპორტულ ფუნქციას. იგი იოლად აღწევს ყველაზე წვრილ კაპილარებსა და უჯრედშორის არეებში და თითოეულ უჯრედს საკვები ნივთიერებებით ამარაგებს.


წყალი - სუნთქვის ხელშემწყობი

ჩვენს ფილტვებს მხოლოდ განსაზღვრული ტემპერატურისა და ტენიანობის მქონე ჰაერიდან შეუძლია ჟანგბადის მიღება, ტენიანობას კი ჰაერში წყლის შემცველობა განსაზღვრავს. დღე-ღამის განმავლობაში ადამიანი დაახლოებით 2-2,5 ლ წყალს იღებს (ამაში შედის საკვებ პროდუქტებში არსებული წყალიც) და დაახლოებით 200-300 მლ-ით მეტს გამოყოფს - მიღებულ სითხეს ემატება ენდოგენური წყლის მოცულობა, რომელიც ორგანიზმში ორგანული ნივთიერებების გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნება. თუ წყალზე სადღეღამისო მოთხოვნას სხეულის 1 კგ მასაზე გადავიანგარიშებთ, აღმოჩნდება, რომ ბავშვის ორგანიზმი ამ მხრივ მოზრდილი ადამიანისას აჭარბებს. ეს იმიტომ, რომ მცირე ასაკში გაცილებით ინტენსიურად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლისა და ზრდის პროცესები, სხვაგვარია საკვები, თავისებურად მუშაობენ თირკმელები.

წყლის ორგანიზმიდან გამოდევნა
წყალი ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ტრაქტის საშუალებით აღწევს. მისი ნორმალური ბალანსის შესანარჩუნებლად აუცილებელია, არ დაირღვეს წონასწორობა წყლის მიღებასა და ორგანიზმიდან მის გამოდევნას შორის. წყალი ორგანიზმიდან გამოიდევნება შარდით, ოფლით, ამონასუნთქ ჰაერთან ერთად, ნაწილი ორგანიზმს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გავლითაც ტოვებს. შარდით დაახლოებით 1,5 ლ წყალი გამოიყოფა, ოფლით - 500-600 სმ3, ამონასუნთქ ჰაერთან ერთად კი 350-400 სმ3. ტემპერატურის მომატებისას ოფლის გამოყოფა მკვეთრად ძლიერდება და ადამიანმა ამ გზით შესაძლოა 6-8 ლ სითხეც კი დაკარგოს.


წყურვილი
წყურვილი ადამიანის სუბიექტური შეგრძნებაა, ერთგვარი სიგნალი, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას ორგანიზმში წყლის ნაკლებობისა და მისი შევსების აუცილებლობის შესახებ აფრთხილებს. განასხვავებენ ჭეშმარიტ და ცრუ წყურვილის შეგრძნებას. ჭეშმარიტი წყურვილი განპირობებულია სისხლში წყლის შემცველობის შემცირებით, მისი შესქელებით. სისხლის გასქელებას აღიქვამენ სისხლძარღვთა კედლებზე არსებული რეცეპტორები, რომლებიც ჰიპოთალამუსში მდებარე წყურვილის ცენტრს გადასცემენ ინფორმაციას. ცენტრი აღიგზნება და ადამიანსაც წყურვილის შეგრძნება უჩნდება. ცრუ წყურვილი განპირობებულია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გამოშრობით, რომელიც თავს იჩენს მოხსენებისა თუ ლექციის კითხვის, მაღალი სიცხის, ნერვული დაძაბულობის დროს, სტრესულ სიტუაციაში. ცრუ წყურვილის დროს ორგანიზმში სითხის დეფიციტი არ არის და არც მისი შევსებაა აუცილებელი.


რაში სჭირდება წყალი ადამიანს?
ადამიანი საკმაოდ მწვავედ რეაგირებს ორგანიზმში წყლის ნორმალური შემცველობის დარღვევაზე - ორგანიზმი ხომ წყლის გარეშე მხოლოდ რამდენიმე დღე ძლებს. ორგანიზმში წყლის დეფიციტს ქრონიკულ გაუწყლოებას უწოდებენ. ის მრავალი დაავადების მთავარი მიზეზია, მათ შორის - ასთმისა, ალერგიებისა, ჰიპერტონიისა, ჭარბი წონისა, ემოციური პრობლემებისა და დეპრესიისა. სითხის 2%-ის დაკარგვისას, რაც დაახლოებით 1-1,5 ლიტრს უდრის, ადამიანს უჩნდება წყურვილის შეგრძნება, 6-8%-ის დაკარგვისას კანი ექერცლება, პირი უშრება და გონება ებინდება. 10%-ის უკმარისობისას იწყება ჰალუცინაციები, ძნელდება ყლაპვა, 12%-ის დანაკარგი კი სიკვდილს იწვევს. წყლის არასაკმარისი მიღება არღვევს ორგანიზმის ცხოველქმედებას, თავს იჩენს დაღლილობის შეგრძნება, მცირდება შრომის უნარი, ირღვევა საჭმლის მონელებისა და ათვისების პროცესები, ნელდება ბიოქიმიური რეაქციები, იზრდება სისხლის სიბლანტე, რაც თრომბების წარმოშობის საშიშროებას ქმნის. ამასთანავე, სქელი სისხლი ცუდად აწვდის საკვებს ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებს, ირღვევა სისხლის წარმოქმნის პროცესი, ტრავმირდება სისხლძარღვები, ზიანდება კუნთები და სახსრები. წყლის გარეშე წარმოუდგენელია ორგანიზმსა და გარემოს შორის თბოცვლა, სხეულის ტემპერატურის მუდმივობის შენარჩუნება. ტვინის 75% წყალია, შესაბამისად, გაუწყლოება ტვინის უჯრედებისთვის ძლიერი სტრესია. წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება ცხოვრების ჯანსაღი წესის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება თირკმელებში ქვების წარმოქმნის საწინააღმდეგო ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდიც არის. გარდა ამისა, წყალი:
სახსრების ბიოლოგიური საპოხი და ზურგის ტვინის ამორტიზატორია;
არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ხელს უწყობს კანის ელასტიკურობის შენარჩუნებას, აფერხებს ცხიმის დაგროვებას;
არეგულირებს არტერიულ წნევას, სისხლში ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს სტრესის საკომპენსაციო მექანიზმებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.


წყლის მინერალური შემადგენლობა
წყალი 25-მდე მინერალურ ნივთიერებას შეიცავს, რომელთა შორისაც აღსანიშნავია კალციუმის, მაგნიუმის, ნატრიუმისა და კალიუმის მარილები, ჰიდროკარბონატები, ქლორიდები, სულფატები. ეს მარილები ერთიანობაში წყლის ზოგად მინერალიზაციას ქმნიან, რომელიც გეოგრაფიული მდებარეობისა და წარმოშობის მიხედვით განსხვავებულ წყლებს სხვადასხვა აქვს. სხვადასხვა მინერალიზაციის მქონე წყალი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება მარილების შემცველობით. სწორედ ამიტომ არის, რომ ზოგიერთი გეოგრაფიული წარმოშობის წყალი ერთი სისტემის დაავადებებისთვის თუ სასარგებლოა, არამც და არამც არ უხდება მეორე სისტემის პათოლოგიებს. ადამიანის ორგანიზმი ადვილად ეჩვევა განსხვავებული მინერალიზაციის წყალს, თუმცა ამას გარკვეული დრო სჭირდება. სასმელი წყლის მკვეთრი ცვალებადობის შემთხვევაში თავს იჩენს ერთგვარი ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, რომლებიც ზოგადდისპეფსიური მოვლენებით (დიარეა, ღებინება, გულისრევის შეგრძნება, მუცლის შებერვა, მეტეორიზმი) გამოიხატება.


წყალმარილოვანი ცვლის დარღვევები
წყალმარილოვანი ცვლის დარღვევები, დისჰიდრიები, ორ ჯგუფად ერთიანდება. ერთია ჰიპერჰიდრატაცია, რომლის დროსაც ორგანიზმში ჭარბი სითხე გროვდება, ხოლო მეორე - ჰიპოჰიდრატაცია, რომელიც სითხის საერთო მოცულობის შემცირების მანიშნებელია. ჰიპოჰიდრატაცია ვითარდება, როდესაც ორგანიზმი წყალს საჭიროზე ნაკლები ოდენობით იღებს ან ზომაზე მეტი ოდენობით კარგავს. გაუწყლოების ყველაზე საშიში ფორმა ექსიკოზია. ჰიპერჰიდრატაცია ვითარდება წყლის ჭარბი მიღების ან არასაკმარისი გამოდევნის შედეგად. ამრიგად, წყალი ორგანიზმის საარსებო პროცესთა ცენტრალური პერსონაჟია, რომლის ნორმალური შემცველობის დარღვევაც მრავალ დაავადებასა თუ პათოლოგიურ პროცესს იწვევს.

ნანახია: 2210 | დაამატა: makho | რეიტინგი: 1.5/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი