NOLI NOCERE!!!
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
საიტის კატეგორიები
pharmanews მედიკამენტი [0]
რჩევები [0]
ფარმაცევტული კომპანიები [1]
ჩატი
სტატისტიკა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 14 » სისხლძარღვები და არტერიული წნევა
9:32 PM
სისხლძარღვები და არტერიული წნევა
      სისხლის წნევა - ეს ის ძალაა, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმში მოცირკულირე სისხლი აწვება სისხლძარღვების კედლებს. იგი ორგანიზმის ცხოველქმედების ერთ-ერთი ძირითადი პარამეტრია. არტერიულ წნევას ორი მაჩვენებელი აქვს, რომლებიც ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრებით იზომება. ზედა მაჩვენებელი (პირველი რიცხვი) - სისტოლური, ქვედა (მეორე რიცხვი) კი დიასტოლური წნევაა. სისტოლურ წნევას განსაზღვრავს ის ძალა, რომლითაც გული სისხლს უმსხვილეს სისხლძარღვებში გადაისვრის, დიასტოლური წნევა კი იმ ძალით განისაზღვრება, რომლითაც სისხლი გულის მოდუნების პერიოდში მოქმედებს არტერიათა კედლებზე.

როგორც არტერიულ, ისე კაპილარულ და ვენურ წნევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის საერთო მდგომარეობის შენარჩუნებისა და ცხოველქმედების პროცესისთვის, რადგან სწორედ მისი საშუალებით გადაადგილდება სისხლი სისხლძარღვებში და ხორციელდება ნივთიერებათა ცვლა. არტერიული წნევა სისხლის მიმოქცევისას თანდათანობით მცირდება. ის იმდენადვე იკლებს, რამდენადაც სისხლძარღვი შორდება გულს, ასე, მაგალითად: თუ გულთან ყველაზე ახლოს მდებარე სისხლძარღვებში წნევის მაჩვენებელი 140/90-ია, მათგან ოდნავ მოშორებით მდებარე მსხვილ არტერიებში უკვე 120-/75-ზეა, არტერიოლებში სისტოლური და დიასტოლური წნევა ერთმანეთს უტოლდება და დაახლოებით 40-ს უდრის. კაპილარებში ქვეითდება - 10-15-მდე, კაპილარებიდან სისხლის ვენაში გადასვლისას კიდევ უფრო მცირდება, ზოგიერთ მსხვილ ვენაში კი წნევის მაჩვენებელი შესაძლოა უარყოფითიც იყოს. არტერიული წნევის ოპტიმალური მაჩვენებელი 120/80-ამდეა, თუმცა 150/85-ზე ნაკლები ციფრები ნორმად მიიჩნევა.


არტერიული წნევის რეგულაცია
არტერიული წნევა ჰორმონებითა და ზოგიერთი სხვა ფაქტორით რეგულირდება. ესენია:
რენინ-ანგიოტენზინური სისტემა - რენინი ნივთიერებაა, რომელიც თირკმელებში გამომუშავდება. მისი გამოყოფა დამოკიდებულია თირკმელების ნორმალურ სისხლმომარაგებაზე. სისხლში გადასული რენინი ანგიოტენზინად გარდაიქმნება, რომელიც ზრდის სისხლძარღვთა ტონუსს. თუ თირკმელებში სისხლმომარაგება დარღვეულია, რენინის გამოყოფა ძლიერდება, შესაბამისად, სისხლში იმატებს ანგიოტენზინის კონცენტრაცია, ძლიერდება სისხლძარღვთა ტონუსი და იმატებს არტერიული წნევა, რასაც თირკმლისმიერ ანუ რენულ ჰიპერტენზიას უწოდებენ.
ბარორეცეპტორული რეფლექსები - ბარორეცეპტორები სისხლის წნევის ცვლილებაზე მორეაგირე რეცეპტორებია, რომლებიც განლაგებულია სხვადასხვა ორგანოში და რეაგირებს როგორც წნევის ცვლილებაზე, ისე გულის შეკუმშვათა სიხშირესა და ძალაზე, რაც, თავის მხრივ, წნევის ცვლილებას განსაზღვრავს. ბარორეცეპტორთა გაღიზიანებისას, როდესაც იმატებს არტერიული წნევა, თავის ტვინი იღებს სიგნალს და სისხლში მცირდება თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონის - ალდოსტერონის კონცენტრაცია (იგი ორგანიზმში სითხეს აკავებს), ძლიერდება სითხის გამოყოფა და იკლებს წნევა, ანდა პირიქით: წნევის დაქვეითებისას იმატებს ალდოსტერონის კონცენტრაცია, სისხლში სითხე მეტად კავდება და შესაბამისად იზრდება არტერიული წნევის მაჩვენებელიც.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები - ეს ჰორმონები არეგულირებენ ზოგად ცვლას ორგანიზმში, მათ შორის - სისხლის წნევასაც.


არტერიული წნევის მატება
არტერიული წნევის მატება ორი ტიპისაა: სიმპტომური და პირველადი, სიმპტომური ჰიპერტენზია რომელიმე დაავადების შედეგია, ყველაზე ხშირად - გულის, თირკმელების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დაავადებებისა. პირველად ანუ ესენციურ ჰიპერტენზიაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც არტერიული წნევის მატების მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. ეს იგივე ჰიპერტონიული დაავადებაა. არტერიული წნევის მატებას იწვევს:
გულის დაავადებები: თანდაყოლილი და შეძენილი მანკები, გულის რიტმის დარღვევა - არითმია;
თირკმლის პრაქტიკულად ყველა დაავადებას - პიელონეფრიტს, გლომერულონეფრიტს და სხვა - თან ახლავს წნევის მატება. ეს ერთი მხრივ რენინის პროდუქციის გაძლიერებას უკავშირდება, მეორე მხრივ კი თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით გამოწვეული წყალმარილოვანი ცვლის დარღვევით არის განპირობებული;
თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპერფუნქცია, ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, რომლის დროსაც ძლიერდება ადრენალინის პროდუქცია);
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება - თირეოტოქსიკოზი. ამ შემთხვევაში არტერიული წნევის მატებას ერთვის გულის შეკუმშვათა სიხშირის მატება, ოფლიანობა, გაღიზიანებადობა.

არტერიული წნევის დაქვეითებას იწვევს:
გულის დაავადებები - აორტის სარქვლის შევიწროება და გულის ზოგიერთი თანდაყოლილი მანკი;
თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა;
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, მისი ფუნქციის დაქვეითება - ჰიპოთირეოზი;
ზოგიერთი ინფექციური დაავადება - მიკრობთა ცხოველქმედების ტოქსიკური პროდუქტები სისხლძარღვთა ტონუსს ამცირებს;
ალერგიული დაავადებები - ანაფილაქსიური შოკი. სისხლში მოხვედრილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები: ჰისტამინი, ბრადიკინინი და სხვები - ასევე ამცირებენ სისხლძარღვთა ტონუსს და იწვევენ არტერიული წნევის დაქვეითებას.

ნორმაში სისხლის წნევა დამოკიდებულია ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, ცხოვრების წესსა და ყოველდღიურ საქმიანობაზე.
ნანახია: 1706 | დაამატა: makho | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
სამკ. მცენარეები
სამ. ლექსიკონი
MSteam
მედიკამენტები
საიტები
PSP
AVERSI
GPC
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი
ჩანაწერების არქივი